სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $126 მილიონით შემცირდა

სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $126 მილიონით შემცირდა

სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 126 მილიონი დოლარით შემცირდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სებ-ის მიხედვით, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ 4.72 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2024 წლის იანვართან შედარებით რეზერვების მოცულობა 141 მილიონი დოლარით არის შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში კი კლება $561 მილიონი დოლარი, ანუ 11%-ია.

საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსება/შემცირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ესენია:

1) საქართველოს მთავრობის საგარეო ვალების ჩამორიცხვა (იწვევს რეზერვების შევსებას), საგარეო ვალების დაფარვა (იწვევს რეზერვების კლებას).

2) სებ-ის მიერ ღია ბაზარზე აშშ დოლარის შესყიდვა სავალუტო აუქციონის მეშვეობით (იწვევს რეზერვების შევსებას), სავალუტო აუქციონით დოლარის გაყიდვა (იწვევს რეზერვის კლებას).

3) სებ-ის მიერ ღია ბაზარზე Bmatch პლატფორმით დოლარის შესყიდვა (იწვევს რეზერვების შევსებას), Bmatch პლატფორმით დოლარის გაყიდვა (იწვევს რეზერვის კლებას).

4) რეზერვებში არსებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასის ცვლილება – სავალუტო რეზერვების სტატისტიკა წარმოდგენილია აშშ დოლარში, თუმცა თავად რეზერვები მხოლოდ დოლარის აქტივებისგან არ შედგება და მასში გარკვეული წილი მოდის ევროს და SDR-ის ფინანსურ ინსტრუმენტებზეც, შესაბამისად ევროს და SDR-ის ღირებულების ცვლილება იწვევს ამ ინსტრუმენტის ფასის ცვლილებას დოლარში და ამ გზით გავლენას ახდენს რეზერვების ზომაზე. კიდევ ერთი ფაქტორი უკავშირდება სებ-ის რეზერვებში არსებული მონეტარული ოქროს ფასის ცვლილებას. 2024 წლის მარტიდან სებ-ის რეზერვებში 7.1 ტონა მონეტარული ოქრო შედის, რომლის ღირებულებაც თავდაპირველად 529 მილიონი დოლარი იყო, თუმცა უკვე 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის ამ ოქროს ფასმა მიმდინარე ფასებში 603.5 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა 74.5 მლნ დოლარი), ეს მატება საერთაშორისო ბაზარზე ოქროს გაძვირებას უკავშირდება.

5) უცხოურ ვალუტაში, კომერციული ბანკების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების მოცულობების ცვლილება, რაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემადგენლობაშია. ამ რეზერვების მოცულობა აგვისტოში (სექტემბერი უცნობია) 4.7 მილიარდი ლარი, ანუ 1.72 მილიარდი დოლარი იყო.

ამ ფაქტორებიდან ზუსტად რამ განაპირობა სექტემბერში რეზერვების შემცირება ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია რომ სექტემბერში სებ-ს სავალუტო აუქციონი არ განუხორციელებია, თუმცა მიმდინარე თვის 25 რიცხვამდე უცნობი იქნება განახორციელა თუ არა სებ-მა ოპერაციები Bmatch პლატფორმით დოლარის გაყიდვის მიზნით, რადგანაც აღნიშნული სტატისტიკა თვის დასრულებიდან 25 დღის გასვლის შემდეგ ქვეყნდება, მთლიანად 2024 წლის რვა თვეში კი Bmatch პლატფორმით შესყიდვები 329 მილიონი დოლარი, გაყიდვები კი 51.1 მილიონი დოლარი იყო. რაც შეეხება სავალუტო აუქციონებს, მათი მეშვეობით წელს ეროვნულმა ბანკმა 168.8 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად Bmatch-ითა და სავალუტო ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა მთლიანობაში 219.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 2024 წლის რვა თვეში წმინდა სავალუტო შესყიდვებმა (სხვაობამ Bmatch-ით და სავალუტო აუქციონებით) ნაყიდ თანხებსა და გაყიდულ რეზერვებს შორის +109 მილიონი დოლარი შეადგინა.

არ არის გამორციხული, სებ-ს გასული თვის განმავლობაში Bmatch პლატფორმით უფრო მეტი თანხა გაეყიდა ვიდრე შეესყიდა, რადგანაც გასული თვის 16 რიცხვში აშშ-ის ხაზინამ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახალი ფინანსური და სავიზო სანქციები დააწესა, შესაბამისად არ არის გამორიცხული სებ-ს მოლოდინების მართვისთვის ბაზარზე დამატებითი ვალუტის მიწოდებისთვის Bmatch პლატფორმით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გაეყიდა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ცნობილი 2024 წლის 25 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

თავისმხრივ, საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის შეფასებითაც რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსდა და ის გაზრდას საჭიროებს.

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…